საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბერლინში ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლობის გახსნის შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა.  "როგორც კი ცნობილი გახდა ამ ფაქტის შესახებ, ქართული მხარე დაუკავშირდა გერმანელ პარტნიორებს. გერმანია აფხაზეთის რეგიონს მიიჩნევს საქართველოს განუყოფელ ნაწილად, შესაბამისად, გერმანიის მთავრობა არ აღიარებს სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. წარმომადგენლობებს, მათ შორის, არც ახალ ე.წ. სავაჭრო წარმომადგენლობას. ეს ფაქტი მხოლოდ და მხოლოდ კერძო პირების ინიციატივაა და მას არაფერი აქვს საერთო დიპლომატიურ ან ეკონომიკურ წარმომადგენლობასთან. გერმანიის ხელისუფლება მუდმივად უსვამს ხაზს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტირიული მთლიანობის მხარდაჭერას."- განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ბერლინში ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლობის გახსნის შესახებ ინფორმაცია აპსნიპრესი ავრცელებს. მათივე ცნობით, გერმანიაში იმყოფებოდა დე-ფაქტო უწყების პრეზიდენტი გენადი გაგულია. სააგენტო იუწყება, რომ სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლობა ბერლინის ფეშენებელურ საქმიან რაიონში გაიხსნა, რომელსაც გერმანიის მოქალაქე ვოლფგანგ მატსკე ხელმძღვანელობს. ე.წ. წარმომადგენლობის გახსნას კი გერმანიის სახელმწიფო უწყებებთან მრავალწლიანი მოლაპარაკებები უძღოდა წინ. პრეზენტაციას გერმანიის ბიზნესწრეების წარმომადგენლები, ბუნდესტაგის დეპუტატები და ჟურნალისტები დაესწრნენ. 

 

უკან
 
სასარგებლო ბმულები